რას ეძებ?

COVID19

უწყებათაშორისი საბჭოს ყველა ახალი გადაწყვეტილება

გაზიარება

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ჰოსპიტალური სექტორის მზაობა და ვაქცინაციის პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ვაქცინაციის ტემპის გაზრდას, ისე მოქმედი რეგულაციების აღსრულებას – სოციალური დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებას, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში.

აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, იწყება ვაქცინაციის მარათონი რეგიონებში. ამ მიზნით, მობილური ბრიგადები იგზავნება სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს მათ სერვისი ადგილზე მიაწოდონ.

დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით, აცრილია მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 879 630 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30%-ს შეადგენს.

ამასთან, როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ დაუშვა ე.წ ბუსტერ დოზის გამოყენება 50 წლის ასაკის შემდგომ და იმ პირებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. სრულად ვაქცინირებულ პირებს, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში, შეუძლიათ ბუსტერ დოზის გაკეთება „ფაიზერით“, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, ხოლო „ასტრაზენეკათი“ ბუსტერ დოზა არ კეთდება. იმ პირებს, რომელთაც ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ „ასტრაზენეკათი“, ბუსტერ დოზის სახით „ფაიზერის“ გაკეთების შესაძლებლობა მიეცემათ.

გარდა ამისა, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ აცრილ მოქალაქეებს, სასწავლო თუ საქმიანი ვიზიტის მიზნებიდან გამომდინარე, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 28 დღის შემდეგ, ეძლევათ დამატებითი ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა „ფაიზერით“, იმ ქვეყნის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადაც ისინი მიემგზავრებიან. ამისთვის, საჭირო იქნება ამცრელ დაწესებულებაში მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა და მიზნობრიობის დასაბუთება. ასევე, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დასაშვებია 12 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობელთა ჯანმრთელობას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 640 358 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 603 995 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 9 306 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 71 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 749 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 616 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა