რას ეძებ?

პოლიტიკა საქართველო

საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები

გაზიარება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა, რომლის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს, 13 სექტემბრიდან დაიწყება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.

ამასთან, სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, ხოლო მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილი, ან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათის მანძილზე ჩატარებული PCR-ტესტის ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა.

როგორც ცნობილია, პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 567 922 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 523 669 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 7 917 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 97 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2 152 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 766 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *